აირჩიეთ ენა: ENGLISH | ქართული
skoool™ Georgia logos Ministry of education NCAC INTEL
 

 
skoool updates
იხილეთ ზოგიერთი სასწავლო ობიექტი

კუთხის სახეები

ნერვული რკალი

პერიოდული სისტემა

სამყაროს წარმოშობა

კომეტები
 
skoool™.com
emis.ge

« უკან დაბრუნება 
ევოლუცია (მაღალი საფეხური)

 
ნამარხი ფორმების ანაბეჭდები | ნამარხების ფორმირება | ევოლუციური თეორია | ანტიბიოტიკის მიმართ მდგრადი ბაქტერიები
 
ნამარხი ფორმები

ნამარხებს იმ მცენარეებისა და ცხოველების "ნარჩენებს" უწოდებენ, რომლებიც მილიონობით წლის წინ ცხოვრობდნენ და რომელთა ნაშთები ან კვალი უძველესმა ქანებმა შემოგვინახა.

ნამარხი ფორმები გვამცნობს, რომ თავდაპირველად დედამიწაზე პრიმიტიული (მარტივი) ორგანიზმები სახლობდნენ.

უძველესი ნამარხები ყველაზე ღრმა და ძველ ქანებშია აღმოჩენილი. მათზე დაკვირვება საშუალებას იძლევა მივყვეთ კვალს და შევიტყოთ, თუ როგორ იცვლებოდნენ (ვითარდებოდნენ) ორგანიზმები ისტორიულად.

ნამარხებიდან იმასაც შევიტყობთ, თუ რომელი ორგანიზმები გადაშენდნენ, სავარაუდოდ, გარემოში მომხდარი ცვლილებების გამო.

ნამარხი ფორმები სრულყოფილ სურათს არ გვაძლევენ, რადგან რბილტანიანი ორგანიზმები და ზოგიერთი ხერხემლიანი ცხოველები არ ტოვებენ ნამარხებს ან ანაბეჭდებს. ამასთან, ხმელეთის ცხოველთა ნამარხების რაოდენობა ნაკლებია წყლის (ან წყლის სიახლოვეს) ბინადარ ორგანიზმებთან შედარებით. ბევრი ნამარხი ღრმად არის დაფლული ქანებში და მათი აღმოჩენა, სავარაუდოდ, მომავალში მოხდება.

ნამარხების ფორმირება

ნამარხის ფორმირება იმ შემთხვევაში ხდება, თუკი ორგანიზმი მოკვდება თუ არა, მაშინვე დაიფარება ტალახის ან მიწის ფენით და სხვა დანალექებთან ერთად, საბოლოოდ, წარმოიქმნება დანალექი ქანები.

არსებობს სხვადასხვა ტიპის ნამარხი. მაგალითად:

  • ორგანიზმის მკვრივი (მაგარი) ნაწილები (მაგ., კბილები ან ნიჟარა), რომლებიც ძნელად იშლება და უცვლელი სახით შემოინახება ქანებში;
  • ორგანიზმის ის ნაწილები, რომლებიც უხრწნელად შემოინახა, რადგან ხრწნის პროცესი შეფერხდა ხრწნისათვის საჭირო პირობებიდან რომელიმეს (ან ერთდროულად რამდენიმე პირობის) არარსებობის გამო;
  • ნაწილები იხრწნება, მაგრამ მათ ადგილს სხვა მინერალები იკავებს. ასეთი ნამარხი საბოლოოდ ქვავდება;
  • ორგანიზმი იხრწნება, მაგრამ ქვაზე ტოვებს ანაბეჭდს,
  • ორგანიზმის მიერ დატოვებული კვალი (მაგალითად, ტერფის ანაბეჭდი, სორო და სხვა).

ევოლუციური თეორია

ევოლუციური თეორიის თანახმად, ცოცხალ ორგანიზმთა დღეს არსებული და უკვე გადაშენებულიყველა სახეობა სიცოცხლის მარტივი ფორმებიდან განვითარდა. სიცოცხლის უმარტივესი ფორმები თავდაპირველად სამ მილიარდ წელზე მეტი ხნის წინ გაჩნდნენ დედამიწაზე.

ევოლუცია ძალზე ნელა მიმდინარეობს, მილიონობით წლის განმავლობაში.
 

ჩარლზ დარვინმა პირველმა წამოაყენა იდეა (1856 წელს), რომ ევოლუციის მამოძრავებელი ძალა არის ბუნებრივი გადარჩევა. ამ მოსაზრებას თანამედროვეები ოპოზიციურად შეხვდნენ, ნაწილობრივ, იმის გამო, რომ წამოყენებული იდეა ეწინააღმდეგებოდა ეკლესიურ სწავლებას. დარვინის მოსაზრებები ეყრდნობოდა ნამარხების და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მოსახლე ორგანიზმების გულმოდგინე კვლევის შედეგებს.

ბუნებრივ გადარჩევას საფუძვლად უდევს მოსაზრება, რომ ბუნებაში ის ორგანიზმები გადარჩებიან, რომლებიც ყველაზე ძლიერი და უკეთ შეგუებული იქნებიან გარემოსთან, სუსტები კი იღუპებიან. ამას სხვაგვარად უკეთ შეგუებულთა გადარჩენას უწოდებენ.
 

სახეობის შიგნით ორგანიზმები დიდი ნაირსახეობით გამოირჩევიან, რაც განპირობებულია მათი გენებით.

მრავალი ორგანიზმი იღუპება მტაცებლის თავდასხმის, ავადმყოფობის და კონკურენციის გამო.

გადარჩენის მეტი შანსი აქვთ იმ ინდივიდებს, რომლებიც უკეთ "მორგებული" იქნებიან გარემოსთან.

ასეთები შეწყვილდებიან (ეჯვარებიან ერთმანეთს) და გადასცემენ გენებს შემდგომ თაობებს. მათ შთამომავლობაშიც ბევრი აღმოჩნდება სასარგებლო ნიშნების მატარებელი.

წლების განმავლობაში სასარგებლო ნიშნები ვრცელდება. 

ქვემოთ, სქემაზე გამოსახულია ცხენის ევოლუციური განვითარების გზა, რომელიც მცირე ზომის ძაღლის მსგავსი ორგანიზმიდან იწყება. ეს პატარა ცხოველი, სავარაუდოდ, რბილ, ჭანჭრობიან ადგილებში სახლობდა და ნაზი მცენარეული საკვებით იკვებებოდა.

შემდეგ მისი კბილები უფრო დიდი და მაგარი გახდა და რადგან უკვე ღეჭვა შეეძლო, ბალახით კვებაზე გადავიდა.

ტერფებზე მას ჩლიქები გაუჩნდა, რაც მოსახერხებელი იყო მშრალ მიწაზე სწრაფი სირბილისთვის, ხოლო ფეხების ძვლები დაუგრძელდა და უფრო მკვრივი გახდა.

evo_horse_arrowhorse_evolution

არსებობს სხვა თეორიებიც ორგანიზმთა მრავალფეროვნების ასახსნელად.

ლამარკი იყო მეცნიერი, რომელიც 1800–იან წლებში მოღვაწეობდა. მისი აზრით, ორგანოები იმ შემთხვევაში ვითარდება, თუ მათ ხშირად იყენებენ. იგი ფიქრობდა, რომ ჟირაფს გრძელი კისერი იმიტომ აქვს, რომ მას ხშირად ჭიმავს, რათა ხის კენწეროზე არსებულ ფოთლებს მიწვდეს. იგი მიიჩნევდა, რომ ორგანიზმი ყველა თავის ნიშან–თვისებას გადასცემს შთამომავლობას. შესაბამისად, გრძელკისერა ჟირაფებს შთამომავლობაც გრძელკისერა ეყოლებათ.

სხვები ფიქრობდნენ, რომ სახეობები ღმერთმა შექმნა. ზოგიერთი იცავდა მოსაზრებას, რომ სახეობები სპონტანურად წარმოიშვნენ.

ორგანიზმები გადაშენდებიან (ამოწყდებიან), თუკი ვერ შეეგუებიან გარემოს ცვლილებებს, როგორიცაა: კლიმატური ცვლილებები, ახალი მტაცებლების გამოჩენა ან დაავადებების გავრცელება, რესურსებისათვის კონკურენციის გამძაფრება და სხვა.

ევოლუციის ძირითადი მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ სახეობები უკეთ შეგუებული ხდებიან გარემოს ცვლილებებთან, რაც მათ გადაშენებისგან იცავს.

ანტიბიოტიკის მიმართ მდგრადი ბაქტერიები

ანტიბიოტიკი სოკოს მიერ გამომუშავებული ქიმიური ნივთიერებაა, რომელიც კლავს ბაქტერიებს. ანტიბიოტიკები ძალზე მნიშვნელოვანი სამკურნალო პრეპარატებია.

სამწუხაროდ, ანტიბიოტიკების ჭარბი მოხმარების გამო გაჩნდა ახალი, ანტიბიოტიკების მიმართ მდგრადი შტამები. ანტიბიოტიკებს არ შეუძლიათ ამ შტამების მოკვლა.

ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ანტიბიოტიკებით მკურნალობის კურსი სრულად ჩაიტაროთ (იმ შემთხვევაშიც კი, თუ თავს უკეთ გრძნობთ).

თუკი ზოგიერთი ბაქტერია ცოცხალი გადარჩება, მათ შესაძლოა განიცადონ მუტაცია, ანუ ბაქტერიულ დნმ–ში მოხდეს ცვლილება, რომელიც ანტიბიოტიკის მიმართ რეზისტენტულს გახდის ორგანიზმს.

ბაქტერიები ძალზე სწრაფად მრავლდებიან, ამიტომ ანტიბიოტიკის მიმართ მდგრადი ფორმები მალე მრავალრიცხოვანი ხდებიან და მათ უკვე სხვა ორგანიზმების ინფიცირებაც შეუძლიათ.


Copyright © 2011 Intel Corporation  skoool-ის შესახებ  მხარდამჭერთა შესახებ  კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება